Sunday, November 11, 2012


რა არის მულტიპლიკაცია?

მულტიპლიკაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ის მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. სიტყვა „მულტიპლიკაცია“ ლათინური წარმოშობისაა და გამრავლებას ნიშნავს. მართლაც, ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო, შემდეგ სპეციალურ აპარატში მათ სწრაფად გაატარებენ და ნახატიც ამოძრავდება. სწორედ ასე იქმნებოდა მოძრავი კადრები და თქვენთვის საყვარელი მულტფილმები. სულ რაღაც 8-10 წუთიანი ნახატი ფილმის სიგრძე 250-300 მეტრია. ამდენად, ასეთი ფილმების შექმნა ერთობ შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოა. მართალია, მთავარი როლი აქ მხატვარს ეკუთვნის, მაგრამ მასთან ერთად უამრავი სხვა პროფესიის ადამიანიც მუშაობს: მწერლები, რომლებიც სცენარებს ქმნიან, კომპოზიტორები, რომლებიც მუსიკალურად აფორმებენ ფილმს, მსახიობები, რომლებიც თქვენს საყვარელ გმირებს ახმოვანებენ, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და მრავალი სხვა.

ქართული მულტიპლიკაცია.

ქართული მულტიპლიკაცია ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზია. მას საფუძველი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ქართული ნახატი ფილმების ფუძემდებელია მხატვარი და რეჟისორი ვლადიმერ (ლადო) მუჯირი. 1953 წელს მან გადაიღო პირველი ქართული მხატვრული მულტიპლიკაციური ფილმი „არგონავტები“. ფილმის მთავარი მხატვარია ცნობილი ქართველი ხელოვანი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტირი კი - შალვა აზმაიფარაშვილი.

ქართული მულტფილმების სიუჟეტებად იყენებდნენ ქართულ ზღაპრებს, ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობებს, საგანგებოდ ქმნიდნენ ახალ ნაწარმოებებს. ასე ცოცხლდებოდნენ ბავშვების საყვარელი ზღაპრებისა თუ მოთხრობების გმირები და უფრო მეტად საყვარელი ხდებოდნენ თავად მულტფილმები. გარდა იმისა, რომ ნახატი ფილმები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საყურებელია, ისინი ბავშვებს მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს, თავდადებასაც ასწავლიან, უხვეწავენ გემოვნებას, აჩვევენ კარგისა და ცუდის გარჩევას.

სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ქართული მულტფილმი მოწოდების სიმაღლეზე არ არის... დავიტოვოთ იმედი, რომ ქართველი მულტიპლიკატორები კვლავ გაგვანებივრებენ ხარისხიანი და გემოვნებიანი ნამუშევრებით.




წყარო:http://multiplikacia.blogspot.ქართული მულტიპლიკაცია

No comments:

Post a Comment